logo
ENG



სუს: ღარიბაშვილი გამოიკითხა, მან აღიარა წლების მანძილზე უკანონო შემოსავლების მიღება

22 ოქტ 202518:16
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის ცნობით, ანტიკორუფციულ ბიუროში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. 

სუს-ის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი. 

"დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი.

შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე", - თქვეს ბრიფინგზე. 

ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელმა არ უპასუხა კითხვას, დაკავებულია თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც პრემიერის თანამდებობას 2-ჯერ იკავებდა.

ცოტა ხნის წინ, სუს-ში ამავე საქმეზე ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ყოფილ სუს-ის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კობა ხუნდაძე დააკავეს და საქმის ფარგლებში, მისი სახლიდან დიდი ოდენობით თანხა ამოიღეს.

კერძოდ, პროკურატურის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე დამატებით ჩატარდა 11 ობიექტის ჩხრეკა, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირის კობა ხუნდაძის სახლიდან ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული თანხა, ჯამში - 1 319 300 დოლარი.

ასევე, ყოფილი მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის სახლიდან ამოღებულია 2 904 900 დოლარი.

საუბარია საქმეზე, რომლის ფარგლებშიც - ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის, ასევე, მათთან დაკავშირებული საცხოვრებელი ბინებისა და სახლების ჩხრეკების შედეგად სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა ამოიღეს.

კობა ხუნდაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ სუს-თან თანამშრომლობით "ინტენსიურად აგრძელებენ გამოძიებას, საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვების, ასევე დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გატარების მიზნით".


close დახურვა