logo
ENG



ტანსაცმელი შემომახიეს, უნდოდათ პოლიციისთვის ბოდიში მომეხადა-ბათუმის აქციაზე დაკავებული

28 მაი 202012:46
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში გამართულ აქციაზე დაკავებული პირების ახლობლები საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც პროცესი უნდა ჩაინიშნოს, თუმცა ზუსტი დრო უცნობია. 30 დაკავებულიდან 9 ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებას. დაკავებულებს შორის იყო რამდენიმე არასრულწლოვანიც. 

"ფორმულა" ერთ-ერთ დაკავებულს, ანზორ თურმანიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ის ძალის გამოყენებით დააკავეს. 

"ჩამტენეს მანქანაში. გადმომიყვანეს განყოფილებაში და მითხრას, რომ დამეწერა ახსნა-განმარტება და პოლიციისთვის ბოდიში მომეხადა. ტანსაცმელი შემოხეული მქონდა, პეხსაცმელი დავკარგე", - ამბობს თურმანიძე. 

თურმანიძის დედა კი ამბობს, რომ მისი შვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

"ჩემი შვილი არის არასრულწლოვანი და იყო აქციაზე. იცავდა სიტყვის თავისუფლებას, რის გამოც დაარბიეს და დააკავეს. მშობელს არც კი შეატყობინეს და მე თვითონ ვნახე. ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს ბავშვი და დღეს კიდევ ველოდებით სასამართლოს. ნაცემი არ არის, მაგრამ ტანზე ყველაფერი შეხეული მქონდა", - განაცხადა მადონა თურმანიძემ. 

პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე საუბრობს პარტია "ნაციონალური მოძრაობა". გია ხალვაში ფიქრობს, რომ ვიდეო, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა, პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტზე მიანიშნებს. 

"კამერების წინ ერთ-ერთმა პოლიციელმა, დაკავების დროს გამოიყენა ფიზიკური ძალა. ამის ვიდეო მასალაც ადასტურებს. მოვუწოდებ ყველა უწყებას ეს პოლიციელი გამოიძიონ", - აღნიშნა ხალვაშმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აჭარის მთავრობის წინ დაწყებული აქცია, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, დაკავებებით დასრულდა. აქციაზე, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ორი პირის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, სამართალდამცველებმა 30 პირი დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა კადრები, სადაც, მათი განმარტებით, ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც მიმდინარე წლის 7 მაისს ის პირები აიყვანეს, რომლის გათავისუფლებასაც აქციის მონაწილეები გუშინ ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები დაკავებული პირების გათავისუფლებას ელოდებიან და საპროტესტო აქციების გაგრძელებას აანონსებენ.

 


close დახურვა