logo
ENG



ტელევიზიებში კიბერშეტევებით მიყენებულ ზარალს ითვლიან

28 ოქტ 201917:08
3 წუთის საკითხავი
 
qi9slnwpfa5rtd6.jpg

ტელეკომპანია „იმედსა“და  „მაესტროზე“ მაუწყებლობა შეჩერებულია. ტელეკომპანია „იმედში“ ელოდებიან შსს-ს წარმომადგენლებს, რათა დეტალურად შეისწავლონ მდგომარეობა. განადგურებულია გარკვეული სახის ტექნიკა და კომპანიას მიადგა სერიოზული ფინანსური ზარალი.

„ზარალი საკმაოდ დიდია. დეტალურად ჯერ არ დაგვითვლია. ბოლომდე წვდომა ისევ არ გვაქვს საიტზე, თუმცა ვცდილობთ, რომ ეს არ შეეხოთ სხვადასხვა გადაცემებს“ - ამბობს ანდრო ლაშხი, „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ კომპანიებმა უფრო სერიოზული დაცვის სისტემებით უნდა უზრუნველყონ მათი ვებ-გვერდები, რადგან ეს არაა პირველი ასეთი  შემთხვევა.

„ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ კიბერუსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში. უნდა მივაქციოთ მეტი ყურადღება, დავხარჯოთ მეტი თანხები. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წვდომა აქვთ ბაზებზე და სერვერებზე - მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, რამდენადაც აქ შეიძლება ინახებოდეს დიდი რაოდენობით პერსონალური მონაცემები“ - ამბობს გიორგი გვასალია, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი.

ტელევიზიებთან ერთად, ათასობით ქართული ვებგვერდი ჰაკერების სამიზნე გახდა. შეტევა სამთავრობო, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საიტებზე მოხდა. ვებგვერდებზე შესვლისას, მთავარ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით, მე დავბრუნდები. შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.


close დახურვა