logo
ENG



ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა

26 აგვ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია იმედმა ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი რეკლამაში არსებული სიძულვილის ენა დაასახელა. 

ტელეკომპანიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უარს ამბობენ სიძულვილის ენის შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე, განურჩევლად პოლიტიკური პარტიისა: 

"პირველი პოლიტიკური ძალა, რომელმაც იმედის ეთერში გასვლისთვის სიძულვილის ენის შემცველი პოლიტიკური რეკლამა მოიტანა, არის ევროპული საქართველო. არხი უარს ამბობს მსგავსი შინაარსის სარეკლამო რგოლების ეთერში განთავსებაზე და ამის შესახებ წერილობით რამდენიმე წუთში აცნობებს ევროპულ საქართველოს". 

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ტელეკომპანია იმედი მათ პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს. მისივე თქმით, ცინიკურია, რომ იმედი პოლიტიკური კრიტიკის ჩახშობისთვის საბაბად სიძულვილის ენას იყენებს.

"ეს არის ტელეკომპანია, რომელიც თავის ეთერში რუტინულად უშვებდა არამარტო ძალიან აგრესიულ და ნეგატიურ კლიპებს ქართული ოცნების, ანუ ივანიშვილის რეჟიმის, არამედ კამპანიას აწარმოებდა, რომელიც რელიგიული და სხვა შუღლის გაღვივებით იყო სავსე", - ამბობს ბოკერია.


close დახურვა