logo
ENG



ტექნიკური უნივერსიტეტი: შოთაძე გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით

16 იან 202016:16
3 წუთის საკითხავი
 
r95rtqv97rm287m.jpg

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ტექნიკური უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს.

„ფორმულა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად და წარსადგენად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა შესაბამისი დადგენილება მიიღო. სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 15 იანვრის #01-05-04/11 დადგენილების თანახმად, საპროკურორო საბჭოს გენპროკურორობის კანდიდატად წარუდგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიწვეული ასოცირებული პროფესორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს. კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა.  

კანდიდატურების წარდგენას წინ უძღოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან საქართველოს გენერალური პროკურორის შერჩევისთვის გასაზღვრული ერთთვიანი კონსულტაციების პროცესი. კონსულტაციები „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული წესების შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს განკარგულებით, 2019 წლის 17 დეკემბერიდან დაიწყო. 

კანონის შესაბამისად, ერთთვიან კონსულტაციებში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიკრიბა აკადემიური საბჭო, რომელმაც საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით იმსჯელა. 

ცნობისათვის, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური 2019 წლის 12 დეკემბერს გახდა. საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს კანდიდატს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს. საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის ირაკლი შოთაძე იბრძოლებს. შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ხსენებულ თანამდებობაზე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მანამდეც იკავებდა. მას თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, ზაზა სარალიძემ მასშტაბური აქციები გამართა და მისი გადადგომა მოითხოვა. 

close დახურვა