logo
ENG



ტვ პირველის ჟურნალისტების თქმით, სამტრედიაში სახელისუფლო ჯგუფები დაემუქრნენ

06 ოქტ 202116:27
3 წუთის საკითხავი
 

სამტრედიაში ტვ პირველის ჟურნალისტებს სავარაუდოდ სახელისუფლო ჯგუფები დაემუქრნენ. 

ინციდენტი სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მოხდა, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები არჩვენების შედეგებს აპროტესტებდნენ.

ადგილზე იყო კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა. 

მისი გარემოცვის წევრები ოპერატორს "გვერდზე გასვლას" სთხოვდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეს მოთხოვნა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მათ შენიშნეს, რომ ჟურნალისტებმა კალაძე გადაიღეს. 

ჟურნალისტებმა ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. 

"საოლქო საარჩევნო კომისიასთან ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებულები. ისინი კარლო კალაძის მითითებით მოქმედებდნენ. კარლო კალაძე იყო თავის მანქანაში. როცა ვცადეთ, გვეკითხა, რატომ იყო ის ოპოზიციის აქციაზე და რა მითითებებს აძლევდა ის მმართველი გუნდის მხარდამჭერებს, ქართული ოცნების მხარდამჭერები გახდნენ აგრესიულები. არ მოგვცეს საშუალება, მივახლოვებოდით მანქანას და დაგვესვა კითხვები. ისინი გვაყენებდნენ შეურაცხყოფას ჟურნალისტებს. შემდეგ, როცა დავიწყეთ ჩართვა, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იყო შავი ნიღბით, მოგვიახლოვდა და ოპერატორს ანიშნებდა, მიახლოებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას". - ამბობს ტვ პირველის კორესპონდენტი ელზა ჩუბინიძე. 

ჩუბინიძე ამბობს, რომ ადგილზე მისი და მისი ოპერატორის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არის დაცული. 

"ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოებას, მუშაობის საშუალებას და მედიის წინააღმდეგ აგრესიული ქმედებების შეწყვეტას". - თქვა ჟურნალისტმა. 

ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის, ემზარ შუბლაძის თქმით, მმართველმა პარტიამ ოპოზიციური პროტესტის წინააღმდეგ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები გამოიყვანა. 

"ჩვენ გამოვხატეთ პროტესტი მშვიდობიანად და აქ გამოჩნდა მისი მანქანა. ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ამ პროვოკაციაში ააიპ-ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი მათგანი სუს-ის ყოფილი თანამშრომელიცაა.

კარლო კალაძის მანქანა მოვიდა და ამის შემდეგ დაიწყო პროვოკაცია. მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, რა იყო და როგორ". - ამბობს ემზარ შუბლაძე. 

პოლიციის წარმომადგენელმა ტვ პირველის ჟურნალისტს უთხრა, წამოვიდეს პოლიციაში, დაწეროს განცხადება და ისინი შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. 


close დახურვა