დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს სასამართლომ პატიმრობა სამი წლითა და ოთხი თვის ვადით შეუფარდა. 67 წლის როჯერ სთოუნი დამნაშავედ შვიდი მუხლით სცნეს, მათ შორის კონგრესისთვის ტყუილის თქმა, დამაბრკოლებელი გარემოების შექმნა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენაა.
სთოუნი პრეზიდენტ ტრამპის მეექვსე მრჩეველია, რომელიც რობერტ მალერის საქმის გამოძიების ფარგლებში სასამართლომ დამნაშავედ სცნო. შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის წინააღმდეგ პროკურორები 7-დან 9 წლამდე პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ. სთოუნი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.