უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ორ დღეში უკვე მეორედ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ზელენსკის თქმით, საუბარი შეეხო კიევის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ქვეყნის გამძლეობის ზრდას და შორ მანძილზე მოქმედი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის Tomahawk-ების მიწოდების პერსპექტივას.
„ასევე განვიხილეთ ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული მრავალი დეტალი. პრეზიდენტი ტრამპი კარგად არის ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებზე. შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე, და ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ შესაბამის სამზადისზე,“ — აღნიშნა ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში.
ზელენსკის თქმით, გუშინდელ საუბარში ისინი შეთანხმდნენ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა განხილვაც დღეს გაგრძელდა: „დღეს დეტალურად გავიარეთ ყველა ეს მიმართულება და სიტუაციის ასპექტი,“ - დასძინა მან.
კრემლმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთი ღრმად შეშფოთებულია აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების შესაძლო მიწოდების გამო. მოსკოვის შეფასებით, ომი „დრამატულ ფაზაშია“ და ყველა მხრიდან შეინიშნება ესკალაცია.
ტრამპის თქმით, Tomahawk-ების გადაცემამდე სურს დარწმუნდეს, როგორ გამოიყენებს უკრაინა ამ იარაღს, რადგან არ სურს კონფლიქტის გამწვავება.
