logo
ENG



ტყვეობის 36-ე დღეს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოცნების დეპუტატმა პროვოკატორი უწოდა

14 დეკ 201919:33
3 წუთის საკითხავი
 
6tgc2eehi7ozean.jpg

ექიმის ტყვეობის 36-ე დღეს, "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატმა ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორი უწოდა და მის ოჯახს საჯარო სივრცეში აგინა. ოჯახის მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ერეკლე კუხიანიძემ, გაღიზიანება ვერ დამალა და ცნობილი ექიმის შეურაცხყოფასაც არ მოერიდა. ოჯახი მასთან პოლემიკას არ აპირებს და პასუხის მოთხოვნას სასამართლოს გზით გეგმავს.

ხვალ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად საოკუპაციო ხაზთან აქცია უნდა გაიმართოს. თავად ექიმი, კი როგორც ირკვევა ცხინვალის იზოლატორში, პირადი ნივთებისა და საკვების შეტანას ითხოვს. 

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 29 ნოემბრიდან ამ დრომდე ამანათის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაცია ამის შესახებ ოჯახს ექიმის უფლებების დამცველმა ადვოკატმა მიაწოდა. 

უმრავლესობის საკრებულოს წევრის ამ პოსტს დღეს ოპოზიციის ლიდერების მწვავე კრიტიკა და გამოხმაურებები მოჰყვა. საკრებულოს წევრის საჯარო განცხადებას მმართველ გუნდშიც გაემიჯნენ და ამბობდნენ, რომ გინება არასწორია. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განცხადებები ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ დღეს სადღესასწაულო აქცია-კონცერტზე გააკეთეს. "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ექიმი თავისუფალი იყოს. 

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ხვალ საოკუპაციო ხაზთან ექიმის მხარდამჭერ აქციას აანონსებს და ორშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. უკანონოდ დატყვევებული ვაჟა გაფრინდაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში 20 დეკემბერსაა დანიშნული. 

 

 


close დახურვა