„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ უზენაესის სასამართლოს გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
როგორც მან ჟურანლისტებს განუცხადა, ამ დროისთვის დაცვის მხარე უზენაესის გადაწყვეტილების ჩაბარებას ელოდება.
„გადაწყვეტილება,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, მაგრამ მანამდეც კი, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ხელისუფლება როგორც კი შეირყევა და დასრულდება ამ საქმესაც ექნება ისეთი შედეგები, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში თავისი სახელი დაერქმევა“, - განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე უგულავა დამნაშავედ ცნო და მას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. პროკურატურა უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, 48 მილიონი ლარის მითვისებას ედავებოდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამ საქმეზე იმსჯელა, თქვა, რომ არ ყოფილა თანხის მითვისება და საქმე მხოლოდ თანამდებობის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. ამ მუხლით გიგი უგულავა საქალაქო სასამართლომ გაამტყუნა, ერთი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც უგულავას უკვე მოხდილი აქვს. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ უგულავა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად მივიდა. ამის შემდეგ იგი სამართალდამცველებმა ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.