logo
ENG



უდუმაშვილი: ნაციონალური მოძრაობა უერთდება 4 პარტიის განცხადებას

10 ნოე 202018:19
3 წუთის საკითხავი
 
უდუმაშვილი: ნაციონალური მოძრაობა უერთდება 4 პარტიის განცხადებას

ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ინტერპარტიული შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ მათი პარტია უერთდება 4 პარტიის (ევროპული საქართველო, ლელი, გირჩი, სტრატეგია აღმაშენებელი) ერთობლივ განცხადებას. მისი თქმით, მთელი ოპოზიციური სპექტრი საერთო გეგმით მიდის. 

"დიდი აქციების გარდა, იქნება პროტესტის სხვადასხვა სახის ფორმები. [...] მოთხოვნები უცვლელია, ყველა პარტია ერთ აზრზეა და ერთი გეგმით მივდივართ. ნაციონალური მოძრაობა უერთდება იმ განცხადებას, რომელიც ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოაქვეყნა", - თქვა ზაალ უდუმაშვილმა.

დღეს, 10 ნოემბერს ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ (ევროპული საქართველო, ლელო, გირჩი და სტრატეგია აღმაშენებელი) ხელი მოაწერა საერთო განცხადებას, რაშიც მათი მოთხოვნები ასახეს, მათ შორის:

  • არჩევნების ხელახლა ჩატარება; 
  • ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა;
  • პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

პარტიებში აღნიშნავენ, რომ განცხადება ღიაა და მას, სავარაუდოდ, სხვა ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. 

"სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით.

მოვითხოვთ შსს-სგან, არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად". - წერია განცხადებაში. 

პარტიების განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმმა ბევრჯერ აჩვენა, რომ ხელისუფლების შენარჩუნებას უკანონო ძალის გამოყენებით აპირებს. 

"ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან.

ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს. ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია". - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები. 

ოპოზიცია არჩევნების ცესკოს მიერ გაცხადებულ შედეგებს პროტესტს უცხადებს. პარტიები გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისინი ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც. იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები. მორიგი აქცია 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო 21 ნოემბერს ცოცხალი ჯაჭვი შეიკვრება. 


close დახურვა