ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც გამოკითხულთა ნაწილმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესზე არაფერი იცოდა. ხოლო ინფორმაციის მქონეთა 53% არ ენდობა მიმდინარე პროცესს.
კვლევა ჩატარდა სექტემბრის თვის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი ეტაპი იუსტიციის საბჭოში მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები „სი-ერ-არ-სიმ“ ჩაატარა და გამოიკითხა 900-მდე ადამიანი.
კვლევის შედეგებს გამოეხმაურნენ პარლამენტის წევრები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი კვლევის კვალიფიცურობას აყენებს ეჭვქვეშ.
„მე არ ვიცი, რამდენად კვალიფიცური კვლევაა, რა მეთოდოლოგიას ეფუძნება და როდის აქედან EMC ასეთი კვლევების ჩამტარებელი“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.
„მთავრობას და პარლამენტს არაფერი გაუკეთებია, რომ პროცესს ჰქონოდა ნდობა. პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ვიწრო პარტიული საჭიროებებიდან გამომდინარე“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
შეგახსენებთ, რომ წარდგენილი 20 კანდიდატიდან დარჩენილია 9 კანდიდატი, ვისი მოსმენაც პარლამენტში ჯერ არ ყოფილა.