გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თავდაცვის ხარჯების მკვეთრი ზრდა დააანონსა. გერმანიის პარლამენტის საგანგებო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ბერლინის თავდაცვის ბიუჯეტს 2022 წელს €100 მილიარდი დაემატება.
ამ გადაწყვეტილებით, გერმანია თავისი წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტს დახარჯავს თავდაცვაზე, რაც დიდი ხანია NATO-ს მიზანია, ქვეყანა კი ამ პირობას ვერ აკმაყოფილებდა.
"პუტინს სურს, შექმნას რუსეთის იმპერია. მისი ხელახლა შექმნა სურს და არ ეშინია ამისთვის სამხედრო ძალის გამოყენების. რა შესაძლებლობები აქვს პუტინს და რა გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რომ დავუპირისპირდეთ ამ საფრთხეს დღეს და მომავალში?
ერთი რამ ცხადია, ჩვენ გვჭირდება გაცილებით მეტი ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია. ეს ქვეყნის მთავარი გამოწვევაა, რაც ნიშნავს თანამედროვე, პროგრესულ შეიარაღებულ ძალებს. ჩვენ გვჭირდება საჰაერო ხომალდები, გემები, მისიებისთვის იდეალურად გაწვრთნილი ჯარისკაცები. ამის გაკეთება შეუძლია ისეთ დიდ და მნიშვნელოვან ქვეყანას ევროპაში, როგორიც ჩვენ ვართ. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ შეიარაღებული ძალების სპეციალურ ფონდს", - თქვა შოლცმა სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის კანცლერის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, მათი ქვეყანა უკრაინას ანტისატანკო და საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის.
"ჩვენ 1000 ანტი-სატანკო იარაღს და 500 სტინგერს (საჰაერო თავდაცვის სისტემას) გავუგზავნით ჩვენს მეგობრებს უკრაინაში", - თქვა შოლცმა.
მისივე თქმით, მსოფლიო ახლა ახალ ერაში შევიდა და "პუტინის აგრესიას სხვა პასუხი არ შეიძლება, გაეცეს".
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მანვე თქვა, რომ უკრაინაში ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ "გარკვევით უნდა თქვათ, რომ ეს პუტინის ომია".
"2022 წლის 24 თებერვალი ისტორიაში ჩაიწერება, როგორც ჩვენი კონტინენტის ისტორიის ცვლილების თარიღი. უკრაინაზე თავდასხმით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოიწყო ცივსისხლიანი აგრესია ერთი მიზნით, შეაჩეროს უკრაინის თავისუფლება. ეს ჰუმანურობას და საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება", - თქვა მან.