logo
ENG



უკრაინელებმა აზოვსტალში საცეცხლე წერტილები დაიკავეს, რუსეთი დაბომბვას აგრძელებს

03 მაი 202218:47
3 წუთის საკითხავი
 
უკრაინელებმა აზოვსტალში საცეცხლე წერტილები დაიკავეს, რუსეთი დაბომბვას აგრძელებს

როგორც უკრაინული, ისე რუსული მხარე მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში ბრძოლის შესახებ იტყობინება. 

ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან გავრცელებულ ვიდეოში აზოვსტალის ქარხნის მიმდებარე ტერტიტორიაზე ჩანს კვამლის რამდენიმე სქელი სვეტი და ისმის აფეთქების ძლიერი ხმა. 

ეროვნული გვარდიის მეთაურმა, დენის შლეგამ განაცხადა, რომ მთელი ღამის განმავლობაში აზოვსტალის ქარხანაზე რუსეთი თავდასხმას ახორციელებდა არტილერიით საზღვაო არტილერიით და საჰაერო გზით. ერთ-ერთ ბუკნერში დაიღუპა ორი მოქალაქე, რომელიც აზოვსტალს თავს აფარებდა. 

გავრცელდა დაღუპული ქალების ცხედრების ფოტოებიც. 

შლეგას განცხადებით, 3 მაისის დილიდან მტერმა დაიწყო აზოვსტალზე შეტევა ჯავშანტექნიკის გამოყენებით, თუმცა, უკრაინელებმა მას მამაცურად გაუწიეს წინააღმდეგობა. 

სვატოსლავ პალამარმა, რომელიც აზოვის ბატალიონის ხელმძღვანელის მოადგილეა, CNN-ს უთხრა, რომ აზოვსტალზე თავდასხმები გრძელდება. 

დენის შელგას თქმით, რუსეთის თავდასხმებმა დააზიანა საველე ჰოსპიტალიც და ექიმები, რომლებიც დაჭრილების გადარჩენაზე მუშაობენ, რთულ მდგომარეობაში არიან, თუმცა, აკეთებენ ყველაფერს, რაც შესაძლებელია და შეუძლებელიც. 

მისი განცხადებით, აზოვსტალის ქარხანაში ახლა 500-მდე დაჭრილი იმყოფება. 

ამასთან, ქარხნის ბუნკერებს თავს აფარებს 200 მოქალაქე, მათ შორის, 20 ბავშვი. 

რუსულმა სამთავრობო მედია რია ნოვოსტიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ისარგებლეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტით და საცეცხლე წერტილები დაიკავეს. რია ნოვისტის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ამ საცეცხლე პოზიციებზე თავდასხმებს. 

"ამჟამად რუსული ჯარები იწყებენ მათი პოზიციების განადგურებას არტილერიით და ავიაციით". - თქვა რიასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ვადიმ ასტაფიევმა. 

1-ლ მაისს, წითელი ჯვრის და გაეროს ჩართულობით, აზოვსტალიდან 100 მოქალაქის ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, მას შემდეგ ევაკუაცია არ გაგრძელებულა. 

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, 1-ლი მარტიდან კი ქალაქი მარიუპოლი ალყაშია მოქცეული. უკრაინული მხარე მხოლოდ აზოვსტალის ქარხანას აკონტროლებს. აქ რუსების წინააღმდეგ აზოვის ბატალიონი და 36-ე საზღვაო ქვეითი არმია იბრძვის. ქარხანა რუსებმა გაანადგურეს, თუმცა, მარიუპოლის მცველები 11 კილომეტრზე გაშლილ ბუნკერებს და გვირაბებს აფარებენ თავს. გვირაბებში არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. 


close დახურვა