logo
ENG



უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

20 მარ 202614:39
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/20/59gyezd8olufqpw.jpg

97 წლის ასაკში უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას და სამძიმარს კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"დღეს ჩემს გულში, როგორც მრავალი უკრაინელის გულში, სუფევს ღრმა სევდა და ტკივილი, რადგან დასრულდა წმინდა პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება.

მოვუწოდებ სრულიად უკრაინულ სამრევლოს, გულმხურვალე ლოცვა აღავლინოს ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულის მოსახსენებლად, რომელიც დღეს უფალთან წავიდა. ვევედრებით ყოვლადძლიერ ღმერთს, მიიღოს ის თავის ზეციურ სასუფეველში. გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მღვდელმთავრის ოჯახს.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება პატრიარქ ფილარეტის მოწოდებები უკრაინის ეკლესიის ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ კიევის საყდრის გარშემო. გვახსოვდეს და შევასრულოთ მისი სწავლება და დარიგებები ეკლესიური ერთობის მნიშვნელობაზე, ღვთის ნებისა და ეკლესიის სისავსის წინაშე მორჩილებაზე, ასევე ღვთის, ქრისტეს ეკლესიისა და უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული მსახურების შესახებ.

პატრიარქ ფილარეტის გულისცემა 98-ე წელს შეწყდა. თუმცა მისი ხსოვნა ლოცვით სამუდამოდ დარჩება ადგილობრივ ავტოკეფალურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა, ხოლო მისი სული ზეცაში ხარობდეს იმ კეთილი ნაყოფებით, რომლებიც მისმა კეთილმა შრომამ ამქვეყნად გამოიღო და კვლავაც გამოიღებს.

ცათა სასუფეველი, მარადიული ხსოვნა და საუკუნო განსვენება განსვენებულ პატრიარქ ფილარეტს!", - წერს ის. 

ფილარეტ დენისენკო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო თანამედროვე უკრაინის ეკლესიის ისტორიაში. 1992 წლამდე ის რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი იყო და ასე ხელმძღვანელობდა უკრაინის ეკლესიას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი აქტიურად დაუჭირა მხარი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას. 2018 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რაც მნიშვნელოვნად უკავშირდება ფილარეტის მრავალწლიან ბრძოლას ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის.


close დახურვა