logo
ENG



უკრაინული დრონებით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განხორციელდა

28 ივლ 202610:15
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/28/tp9bqxbm2hbc1kj.png

28 ივლისის ღამესა და დილით უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე მასირებული შეტევა განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მოსკოვის მიმართულებით 390-ზე მეტი დრონი გაფრინდა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა დედაქალაქისკენ მიმავალი 81 უპილოტო აპარატი გაანადგურეს. მისივე თქმით, დრონები მოსკოვის რეგიონს საღამოს 20:30 საათიდან დილის 06:30 საათამდე უტევდნენ.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში დრონები მოხვდა საწარმო „ჰიდროსტალკონსტრუქციას“, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებსა და მეტალის კონსტრუქციებს აწარმოებს ენერგეტიკისა და წყალმეურნეობის ობიექტებისთვის.

ამასთან, გავრცელებული ცნობებით, ხანძარი გაჩნდა ჩეხოვის რეგენერაციის ქარხნის ტერიტორიაზეც, რომელიც გამოყენებულ საავტომობილო საბურავებს ამუშავებს და რეზინის პროდუქციას აწარმოებს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ხანძრების ამსახველი კადრები ასევე გაავრცელეს პოდოლსკისა და კოლედინოს რაიონებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა ცეცხლი გაჩენილიყო ლოჯისტიკურ საწყობში, რომელიც Wildberries-ის საწყობებთან მდებარეობს, თუმცა ზუსტად რომელი ობიექტი დაზიანდა, ამ დროისთვის დადასტურებული არ არის.

რუსულ მხარეს შეტევის შედეგად დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. უკრაინას აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.


close დახურვა