logo
ENG



უმჯობესი იქნება, ჯარიმის სახით ნაკლები თანხა იყოს გამოყენებული - ეკა ბესელია

23 აპრ 202017:49
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის პირობების დარღვევის გამო, პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულ ჯარიმებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტში იმსჯელეს. დეპუტატების კითხვები ძირითადად ჯარიმების ოდენობას ეხებოდა. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ სანქციები ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობასთან შესაბამისი უნდა იყოს.

როგორც დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, ჯარიმის სახით 2 ათასი ლარის გადახდა მძიმე სოციალური სტატუსის მატარებელი პირებისთვის ძალიან რთული იქნება.

„2000 ლარი მძიმე იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ სოციალურად დაუცველი ან სხვა მძიმე სოციალური სტატუსის მატარებელი. სიმძიმის მიხედვითაც, რომ განისაზღვროს და სამართლიანი იყოს, უმჯობესია, რომ ნაკლები თანხა იყოს გამოყენებული დაჯარიმების სახით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ჯარიმების დიფერენციაციის საჭიროებაზე ისაუბრა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ბექა ნაცვლიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ სანქციები პირები მათი ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა დაეკისროთ.

„ნახოს შემოსავლების მიხედვით, განსაზღვროს პროპორცია. მაგალითად, თუ დღეს არის 3 ათასი, ყველაზე დაბალი შემოსავლის შემთხვევაში იყოს 500 ლარი, ამის გადანაწილების შესაძლებლობაც არსებობდეს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდს განსხვავებული მოსაზრება აქვს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის თქმით, მაღალი ჯარიმები იმისთვის დაწესდა, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაცული იყოს.

„თუკი მე ვარ სოციალურად დაუცველი და ვიცი, რომ ვარ კონტაქტში დაავადებულ პირთან, ჩავედი ქუჩაში, შევედი მაღაზიაში და ამით მე ვინმეს რაიმე გადავდე, ეს არის ძალიან მძიმე შედეგი. ეს ჩვენი საზოგადოების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. აქედან გამომდინარე, პრევენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება დამრღვევი პირებისთვის პატრულის ნაცვლად, სანქციის სასამართლოს მიერ დაკისრების შესაძლებლობას, ოხანაშვილი აცხადებს, რომ ასეთი რამ შეუძლებელი იქნება.

„პირი როდესაც არღვევს, ნიშნავს რომ არის ან ინფიცირებული, ან კონტაქტი ჰქონდა, ან გადაყვანილი იყო შესაბამის სივრცეში და დატოვა. ამ ადამიანის სასამართლოში გადაყვანა, რომ დავაწესოთ ეს დისკრეცია, რომ სასამართლომ შეუფარდოს, შეუძლებელია. ვერ მოხდება პირის პირდაპირ გადაყვანა სასამართლოში. ამიტომ, ეს არის შეტანილი იმ მუხლებში, სადაც პატრულს ექნება უფლებამოსილება და ვალდებულება, რომ ფიქსირებული ჯარიმა გამოწეროს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

სხდომას „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ დასწრებიან. ისინი ამბობენ, რომ ბოიკოტს აგრძელებენ და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხების განხილვას დაესწრებიან.


close დახურვა