არჩევნებში ხუთი პოლიტიკური ძალა მონაწილეობს, თუმცა მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია „ფიდესსა“ და ოპოზიციურ „ტისას“ შორის მიმდინარეობს.
კენჭისყრა შერეული სისტემით იმართება — ამომრჩევლები ერთდროულად აძლევენ ხმას როგორც კონკრეტულ კანდიდატს, ისე პარტიულ სიას. სულ 199 მანდატიდან 106 ერთმანდატიან ოლქებში ნაწილდება, სადაც გამარჯვებული მარტივი უმრავლესობით განისაზღვრება, ხოლო დარჩენილი 93 ადგილი პარტიებს პროპორციული წესით ერგებათ. პარლამენტში შესასვლელად პარტიამ მინიმუმ 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. მთავრობის დასაკომპლექტებლად საჭიროა 100 მანდატი, ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად — 133.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც რამდენიმე საათში პირველადი შედეგების გამოქვეყნებაა მოსალოდნელი. პროცესს ეუთოს დაახლოებით 200 წარმომადგენლისგან შემდგარი სადამკვირვებლო მისია აკვირდება.
