logo
ENG



უნდა შეწყდეს ყველა ტიპის საავტომობილო მოძრაობა - რა წერია მეწყერზე სამხარაულის დასკვნაში

26 მარ 202114:29
3 წუთის საკითხავი
 
უნდა შეწყდეს ყველა ტიპის საავტომობილო მოძრაობა - რა წერია მეწყერზე სამხარაულის დასკვნაში
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტ. ეროვნული ცენტრი

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 17 მარტის დასკვნით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობზე, კლდოვან ქანებში განვითარებულია მძლავრი კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი.

მათივე დასკვნით, "დიდი ალბათობით" მეწყრული სხეულის გზის მიმართულებით გადაადგილება, ფერდობის სხვადასხვა ნაწილში წარმოქმნის ახალ მეწყრულ ნაპრალებსა და საფეხურებს.

დასკვნაში წერია ისიც, რომ მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელი გზის შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა; ასევე, საჭიროა განხორციელდეს მეწყრული პროცესის უწყვეტი მონიტორინგი და ისიც, რომ დაიგეგმოს და განხორციელდეს მეწყრული პროცესის სტაბილიზირებისთვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებები. აქ იგულისხმება სხვადასხვა სახის დამცავი საინჟინრო ნაგებობების დაპროექტებასა და მოწყობას შესაბამისი კვლევისა და გაანგარიშების საფუძველზე.

ექსპერტიზის გამოკვლევით:

  • მეწყერი იწყება ფერდობის შუა ნაწილში და გრძელდება ფერდობის ძირის მიმართულებით;
  • მეწყრის საშუალო სიგანე 100 მეტრია;
  • ვიზუალური დაკვირვებით დგინდება, რომ მეწყრული სხეულის სიმძლავრე 10 მეტრს აღწევს;
  • მეწყრული საფეხურების სიმაღლე 0,2მ-დან 1მ-მდე მერყეობს;
  • ნაპრალების ღიობის სიგანე 0,5მ-დან 1,5მ-მდე იცვლება.

სამხარაულში დაასკვნეს ისიც, რომ მეწყრული პროცესების წარმოქმნა-განვითარება უკავშირდება გრავიტაციულად დაძაბულ ფერდობზე მისი ამგები ქანების წონასწორობის რღვევას, რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს, როგორც ბუნებრივი, ასევე ტექნოლოგიური ფაქტორებით.


close დახურვა