logo
ENG



ურთიერთშელაპარაკების დროს პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს - დაკავებულია 2 პირი

02 მარ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 
j8i22n684e84k2u.jpg

გუშინ, კარლო ჩხეიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

უწყების ცნობით, ინციდენტის დროს, პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. შსს-ს თანამშრომელი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

გარდა ამისა, მომხდარ ფაქტზე, სამართალდამცველებმა 2 პირი დღეს ქუთაისში დააკავეს. 

"ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი - 1989 წელს დაბადებული ი.გ. და 1989 წელს დაბადებული ი.ქ. ქუთაისში დააკავეს. ი.გ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, ხოლო ი.ქ.-ს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დანაშაულები 7-დან 15 წლამდე და 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ თბილისში, კარლო ჩხეიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ დ.ნ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან - ი.ქ.-სთან ერთად მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. დ.ნ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დ.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელია, თუმცა ინციდენტის დროს არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე ბრალდებული ქუთაისში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება ი.გ.-ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108 მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ი.ქ.-ს მიმართ - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

 

 


close დახურვა