logo
ENG



უსუფაშვილი: ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქვეყანა ცუდი გზით მიდის

08 დეკ 201922:55
3 წუთის საკითხავი
 
yissth0shfjsnd3.jpg

„ხელისუფლება გახდა იძულებული ეღიარებინა, რომ რაღაცა მოსაფიქრებელია, თორემ ქვეყანა ცუდი გზით მიემართება“, - ასე აფასებს "შენების მოძრაობის" ლიდერი, დავით უსუფაშვილი ოპოზიციისა და უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრას. 

უსუფაშვილმა შეხვედრის შედეგებზე გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი შემდეგი დიალოგისთვის მზად არის.

„ფაქტები შემდეგია: ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზე და პარლამენტში დაარეგისტრირა კანონპროექტი, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელშიც არის ორი პრინციპული სიახლე. ერთი - 150-იანი მანდატის პროპორციულად გადანაწილების პრინციპი და მეორე - 73 მაჟორიტარული მანდატის მრავალმანდატიან ოლქებში განაწილების პრინციპი. ჩვენი შეთავაზება და პარლამენტში დარეგისტრირებული დოკუმენტი მოიცავს ამ ორ კომპონენტს. პირველ და ძირითად კომპონენტზე ხელისუფლების აზრი არის უცვლელი, რომ ეს არის არაკონსტიტუციური. შესაბამისად უცვლელი რჩება ჩვენი მცდელობა იმის თაობაზე, რომ მეტი არგუმენტი მოვიყვანოთ კონსტიტუციორობის დასამტკიცებლად. ჩვენ ვთვლით, რომ მთელი ეს დოკუმენტი კონსტიტუციის ფარგლებში თავსდება. დღევანდელ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მხრიდან დაისვა საკითხი, რომ თუ გერმანულის არაკონსტიტუციურობა ჯერ კიდევ სადაოა, სხვა საკითხებზე ხომ არ გვემსჯელა და ეს საკითხი არის სწორედ 73 მაჟორიტარული მანდატის განაწილების წესი. სწორედ ამ საკითხზე გვქონდა მცდელობა მსჯელობის, თუმცა ხელისუფლებამ ითხოვა დრო, რომ გასცნობოდა ამ დოკუმენტს. ეს დოკუმენტი ორშაბათს ოფიციალურად დარეგისტრირდა პარლამენტში და მანამდე გადაეგზავნა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამიტომ ეს არანაირი სიახლე არ არის. ეს არის ჩვენს მიერ შეთავაზებული მოდელის ერთი კონკრეტული ნაწილი. ჩვენ ცხადია დიალოგის ნაწილში მზაობა განვაცხადეთ....ხელისუფლებამ მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა და საწყისი პოზიციებისა, გახდა იძულებული საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად, ეღიარა, რომ რაღაცა მოსაფიქრებელია, თორემ ქვეყანა ცუდი გზით მიემართება და ამის თაობაზე გადაიდგა ნაბიჯი. ჯერ არაფერზე შეთანხმება არ არის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

 


close დახურვა