logo
ENG



უფლებები საქართველო: 12 წლის ანას გარდაცვალების საქმეში ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება

11 ოქტ 202311:05
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში 12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეში, მტკიცებულებების დაზიანების ფაქტზე ექსპერტის ბრალეულობა დასტურდება. ინფორმაციას ორგანიზაცია უფლებები საქართველო ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, საუბარია, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევაზე, როდესაც გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

ამასთან, ორგანიზაციის იურისტები მიიჩნევენ, რომ ჩადენილია მტკიცებულებათა განადგურებისკენ მიმართული დანაშაული და დაუყოვნებლივ საჭიროა მინიმუმ ერთი ექსპერტის მიმართ ბრალის წარდგენა, რასაც "საგამოძიებო უწყება დაუსაბუთებლად აჭიანურებს".

"ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გარდაცვლილის სხეულიდან აღებულ ნივთმტკიცებებს აღენიშნებათ მოშავო-მონაცრისფრო, ობისმაგვარი დანაშრევები და ნადებები. საუბარია იმ კატეგორიის ნივთმტკიცებებზე, რომელთა გამოკვლევითაც, შესაძლოა, დადგენილიყო გოგონას სხეულზე უცხო ადამიანის დნმ-ის არსებობის ფაქტი ან/და საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოება.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის 16 აგვისტოს უფლებები საქართველოს იურისტებმა დამატებით მიმართეს საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მტკიცებულებების დაზიანების სხვა ფაქტებზე, რომლებიც, მათ შორის, 12 წლის ანის გვამის აღმოჩენის ადგილისათვის, 2023 წლის 5 აპრილს, პირვანდელი სახის შეცვლასა (ხეების გაჩეხვა-ს) და საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მტკიცებულებების დაზიანებას უკავშირდება.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ დღის წესრიგში დგას საგამოძიებო უწყების მიერ რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა, რამაც არსებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ანის გარდაცვალების გარემოებების გამოძიების მიმდინარეობაზე.

უფლებები საქართველო 12 წლის გოგოს გარდაცვალების და მტკიცებულებების დაზიანების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს"- ნათქვამია განცხადებაში.

17 მარტს დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის ანა იანუშაიტიტე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახი აცხადებს, რომ გოგო მოკლეს, რადგან მას სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

გოგოს ოჯახის ინტერესებს ორგანიზაცია უფლებები საქართველო იცავს.

5 ივლისს ორგანიზაციის იურისტებმა განაცხადეს, რომ გარდაცვლილი 12 წლის ანის საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის დაზიანებული, კერძოდ, საკვლევი მასალების შენახვის წესის დარღვევის შედეგად, გოგონას გვამიდან აღებული ნიმუშები დაობდა.

გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.


close დახურვა