ბალტიის მედიის განვითარების ფონდმა ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, მედია გარემოს შესახებ კვლევა ჩაატარა. კვლევა დონორებისთვის ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიწოდებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან იქმნება სხვადასხვა სახის ხელოვნური ბარიერები, რომელიც მედიაბაზარზე პრობლემებს ქმნის.
"ეს პროექტი ტარდება ჩვენი ბალტიელი პარტნიორების მიერ, რათა გარკვეულწილად საერთაშორისო პარტნიორებს დაანახოს რა გამოწვევების წინაშეა რეგიონის მედიები. მნიშვნელოვანია მედიები, რომლებიც კრიტიკულები არიან არ შეექმნათ ხელოვნური პრობლემები და ჰქონდეთ შესაძლებლობა დამოუკიდებლად იმოქმედონ მედია ბაზარზე,"- აცხადებს მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამარ კინწურაშვილი.
მედია ექსპერტი ნინო დანელიას თქმით, ქართული მედია ვითარდება, თუმცა მასზე პოლიტიკური გავლენები ძლიერდება.
"ჩვენი მედია გამორჩეულია იმით, რომ ცდილობს უკეთ აითვისოს თანამედროვე ტექნოლოგიები და განვითარებულია მათ შორის ონლაინ მედია. გამოწვევაა ის, რომ კიდევ უფრო მძიმე გახდა პოლიტიკური წნეხი მედიაზე და შესაძლოა ასევე დამძიმდეს საკანონმდებლო რეგულაციებიც" - განაცხადა ნინო დანელიამ.
ტელეკომპანია „კავკასიის" დირექტორის მოსაზრებით სწორედ პოლიტიკური წნეხი უშლის ხელს მედიის განვითარებას.
"წლების მანძილზე ვერ ჩამოყალიბდა სტაბილური გარემო მედიისთვის და ამას ხედავს ყველა. მუდმივად, როდესაც გვგონია რომ რაღაც სტაბილურ მდგომარეობას მივაღწიეთ, იწყება ისეთი ტურბულენტობა რომ ანგრევს ყველაფერს. ასე მოხდა ამ ზაფუხლსაც,"-ამბობს ნინო ჯანგირაშვილი.