Facebook-ის მიერ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებს შორისაა „ბიძინა ივანიშვილი და მედია“, ვებინფო.ჯი, კავკაზუს მედია რეპორტი, ნიუსჰაბ.ჯი, დეილი ინფო და სხვა გვერდები, რომლებიც ახალი ამბების სააგენტოების ან მედიაჯგუფების საფარქვეშ მოქმედებდნენ. ასევე გვერდები, რომლებიც ათასობით მომხმარებელს აერთიანებდა და, ძირითადად, ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ და ანტიდასავლური რიტორიკის შემცველ პოსტებს ავრცელებდა, მათ შორის - „მიხეილ უკრაინოლოგი“, „პოლიტიკური საგიჟეთი“ და სხვა გვერდები, რომელთა უმეტესობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდშია შექმნილი.
სოციალურ ქსელში კი უკვე გავრცელდა იმ ადამიანების ვინაობა, რომლებიც სარეკლამო კომპანია „პანდას“ ხელმძღვანელობდნენ, რომელიც თავიდან მუსიკალური პროექტის სახით მოგვევლინა. ეს კომპანია, თავის მხრივ, პროსახელისუფლებო ტროლებს, ბოტებსა და ფეისბუკგვერდებს მართავდა. ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, როლანდი - იგივე კოკო ბარათაშვილი და ნიკა ქოჩიაშვილი - ეს სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც „პანდას“ ნიღაბს იყვნენ ამოფარებულები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ე.წ ბოტების ქარხნის ორ მისამართს მიაკვლია, თუმცა კარი არცერთგან არ გაუღეს.
Facebook-მა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული ასობით გვერდი და ჯგუფი გააუქმა. მათი ინფორმაციით, Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში, კერძოდ, 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 ინსტაგრამ-ანგარიში გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.