თამარაშვილის გამზირზე გზის გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ადგილზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსიც მივიდა.
გიორგი აბუთიძემ მედიასთან ინციდენტის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი დაასახელა.
"არ ვარ ამის სპეციალისტი. შესაძლოა, ძლიერმა ქარმა წააქცია. დაველოდოთ სპეცილისტების დასკვნას", - აღნიშნა მან.
თამარაშვილის ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძეც იმყოფებოდა. მისი თქმით, აქტივისტები მერიას ხეებთან არასწორი მუშაობის შესახებ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ.
"თვეებია იმას გავკივივართ, რომ ასე არ შეიძლება. წლებია ვაფრთხილებდით. აქ ძალიან ეცადნენ და უზარმაზარი არხი ჩაჭრეს. გვერდზე ხე რა მომენტში ჩამოვარდება არავინ იცის. კალაძე გამოდის და იძახის, რომ მისი სუსტი ადგილი არის გამწვანება. ეს არის მისი სუსტი წერტილი. მერე ჩამოიტანს იტალიიდან ხეებს და ბევრ ფულს ჩაიდებს ჯიბეში. ეს არის მიზანმიმართული მავნებლობა. გარდა ხეებისა, ადამიანების სიცოცხლეს აგდებენ საფრთხეში. იგივე იქნება ყველგან, სადაც იდიოტი კალაძე აკეთებს რეაბილიტაციას", - განაცხადა ფერაძემ.
ადგილობრივი მაცხოვრებლები კი, ამბობენ, რომ ხეებს მოჭრილი აქვს ფესვები, რის გამოც შესაძლოა მსგავსი ინციდენტი კვლავ განმეორდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თამარაშვილის ქუჩაზე ხე გადატყდა და მოძრავ ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაშავდა.