logo
ENG



ფილფანი: მესმის, პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს. ვთხოვ, ნუ დამალავენ ინფორმაციას

26 ივლ 202017:35
3 წუთის საკითხავი
clock 950

სვანეთში დაკარგული 13 წლის მოზარდის მამის, დავით ფილფანის ინფორმაციით, პოლიცია იმ მძღოლებს გაესაუბრა, რომლებმაც 18 ივლისს ის გზა გაიარეს, სადაც, შესაძლოა, ბავშვი მათ დამგზავრებოდა

როგორც ფილფანმა აღნიშნა, არც ერთ მძღოლს ბავშვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. გარდა ამისა, მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ხაიშის და ზუგდიდის მიდამოებში არსებული ვიდეოჩანაწერებიც ამოიღეს. 

"ილიას ძებნას ვაგრძელებთ. სიახლე ჯერ არაფერია. პოლიციამ ვიდეოჩანაწერები შეამოწმა ხაიშის და ზუგდიდის მიდამოებში. ბიჭი ველოსიპედით არსად ფიქსირდება. პოლიცია იმ მძღოლებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ეს ტერიტორია 18 ივლისს გაიარეს. ისინი ამბობენ, რომ ამ დღეს მოზარდი არ შეუნიშნავთ და არც დამგზავრებია", - განაცხადა ფილფანმა "ფორმულასთან" საუბარში. 

ის საზოგადოებას მიმართავს და მათ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ოჯახთან ან შესაბამის უწყებებთან დაკავშირებას სთხოვს. ამასთან, მოზარდის მამა ქვეყნის მასშტაბით არსებულ კერძო ობიექტებსაც სთხოვს დახმარებას, რათა მათ ბავშვის ფოტოები კუთვნილ ობიექტებზე გააკრან

"მინდა მივმართო ხალხს და დახმარება ვთხოვო. მესმის პოლიციასთან საქმის დაჭერა არავის სურს, ამიტომ შეიძლება რაიმე იციან, მაგრამ არ ამბობენ. ვთხოვ მათ, დაგვეხმარონ, ნუ დამალავენ ინფორმაციას. უკვე აღარ ვიცით, საით ვეძებოთ. ჩვენც დავიბენით, უფრო საით მივმართოთ რესურსი აღარ ვიცით. პოსტერების დარიგებასაც დავიწყებთ ყველგან, რათა გაგვაგებინონ, თუ რამე იციან", - აღნიშნა ილია ფილფანმა

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. მას უკვე მე-9 დღეა ეძებენ. მოზარდის სამძებრო სამუშაოებში 80-მდე მაშველი და დრონია ჩართული. 

მას სვანეთის გარდა, ანაკლიაში, ბათუმსა და ურეკშიც ეძებენ.  


close დახურვა