logo
ENG



ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია მოყოლილი

19 ნოე 202612:38
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/19/gzq3ry8zuz1nvn7.png

თბილისში, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის გამათბობლის ჩართვის შედეგად მომხდარი აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში, სავარაუდოდ, შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია მოყოლილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს და სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა ოთხივე კონტაქტურია.

„უბედური შემთხვევის შედეგად უგზოუკვლოდ დაკარგულია შვიდი პირი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი და მუნიციპალური სამსახურები. მოსახლეობა ევაკუირებულია, სამაშველო ღონისძიებები კი გრძელდება.

მინისტრის განცხადებით, სამაშველო სამუშაოების დროს საყრდენი კედელი გადაიხარა, რის გამოც კორპუსის წინა მხრიდან მუშაობა დროებით შეჩერდა. არსებობს ნგრევის საფრთხე.

თამაზაშვილის თქმით, აფეთქების მიზეზი გაზის გამათბობელი გახდა. მისივე ინფორმაციით, მეხუთე სართულზე მცხოვრები მოქალაქე ღამით გამათბობლის ჩართვას ცდილობდა, დილით კი მისი ხელახლა ჩართვისას აფეთქება მოხდა.


close დახურვა