logo
ENG



ფორმულას სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი გამოეხმაურა

06 ნოე 201920:56
3 წუთის საკითხავი
 
dqp4f5n5rbn2dls.jpg

„ფორმულას“ სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი კახა კალაძე გამოეხმაურა. ეს სწორედ ის სტუდენტია, რომელზეც ძალადობაში მამა გიორგი სხილაძე მეუფე ზოსიმე შიოშვილს ადანაშაულებდა. 

„31 წლის წინანდელი მოვლენების საჯარო სივრცეში ხელახალმა გაჟღერებამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ცალსახად ვაცხადებ, რომ დღეს ეს ჩემთან შეთანხმების გარეშე მოხდა. ასევე მიმაჩნია, რომ კონკრეტული ფაქტის შეფასება მაშინდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეუძლებელია. შექმნილი მაღალი ემოციური ფონის გათვალისწინებით, სარწმუნოების, ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების დისკრედიტაციის გლობალური პროექტის პირობებში ჩემგან ნებისმიერი ფორმის პასუხი და მაშინდელ მოვლენებში მონაწილე პირთა როლის გამომზეურება (სამწუხაროდ, ზოგი მათგანი გარდაცვლილია) მეც ამ პროექტის მონაწილედ მაქცევს. არ მინდა გამოყენებული ვიქნე სხვების ბინძურ თამაშებში, მით უმეტეს, რომ დიდი ხანია ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე არაჯანსაღ პროცესებს და ზედმიწევნით ვიცი რაც ხდება საერო თუ სასულიერო ცხოვრებაში... მაშინდელ პროცესებში გარკვევა და საბოლოო სამართლიანი შედეგის დადგომა კი ობიექტურ, მიუკერძოებელ გარემოს საჭიროებს... ვიმედოვნებ, მალე ვეღირსებით ასეთ გარემოს“ - წერს „ფორმულასთვის“ მოწერილ წერილში კახა კალაძე.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში მაშინდელი რექტორი, ეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი სტუდენტ კახა კალაძეზე სექსუალურად ძალადობდა.

მამა გიორგის ცნობით, სხვა სტუდენტებმა სავარაუდო მოძალადე ამხილეს და თანამდებობიდან გადადგომის ხელწერილი დააწერინეს. სასულიერო პირი ასევე წერს, რომ პატრიარქმა ყველა სტუდენტი, მათ შორის ძალადობის მსხვერპლიც, სასწავლებლიდან გარიცხა, ზოსიმე კი ორჯერ დააწინაურა და დღემდე სინოდში, მიტროპოლიტად ირიცხება.


close დახურვა