ჩოხატაურის სოფელ გუთურში მდებარე სკოლა, შესაძლოა, პოეტ ზაურ ბოლქვაძის სახელობის გახდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივა მის შვილს ქართული ოცნების დეპუტატ ელისო ბოლქვაძეს ეკუთვნის. საკითხი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გუშინ განიხილეს. თუმცა, ოპოზიციის წინააღმდეგობის გამო, მისი განხილვა ერთი თვით გადაიდო.
ფორმულა ელისო ბოლქვაძეს დაუკავშირდა და თქვა, რომ ამ ფაქტის შესახებ არაფერი იცის, თუმცა არსებობს მისი ხელით დაწერილი წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ დეპუტატი ამ ინიციატივას მიესალმება.
"ქალბატონო მზია, მე და დედა, ნანა დარჩია, რა თქმა უნდა მივესალმებით ინიციატივას და სიხარულს გამოვხატავთ სკოლას მიენიჭოს მამას სახელი. ეს ფაქტი გააცოცხლებს ზაურ ბოლქვაძის სახელს და მომავალ თაობას გააცნობს მის შემოქმედებას. პატივისცემით, პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე", - წერია ბოლქვაძის წერილში, რომელიც ფორმულამ მოიპოვა.
ამასთან, გუთურში მდებარე ხსენებული სკოლა წლების განმავლობაში, მეორე მსოფლიო ომის მონაწილის, სახელოვანი მფრინავის და ისტორიკოსის, დავით ჩხიკვიშვილის სახელობის იყო.
ახალგარემონტებული სკოლა ოქტომბერში, საარჩევნოდ უნდა გაიხსნას. სავარაუდოდ, იქამდე გაირკვევა, მიენიჭება თუ არა მას ელისო ბოლქვაძის მამის, პოეტის და ჟურნალ ნიანგის რედაქტორის ზაურ ბოლქვაძის სახელი.