logo
ENG



ფორმულა: სააკაშვილის სიაში შევლენ ბრეგაძე, ჩახნაშვილი, ვეფხვაძე და სხვები

12 იან 202320:27
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ მოიპოვა იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის სიაში შევლენ. ასეთი, დაახლოებით, 20 ადამიანია, მათ შორის არიან საჯარო მოხელეები.

ფორმულას ინფორმაციით, სიაში იქნებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, პროკურორი ლევან ვეფხვაძე, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთმელიძე, გლდანის ციხის ხელმძღვანელი ნოდარ ქინქლაძე და რუსთავის მე-12 დაწესებულების უფროსი ზურაბ მოდებაძე. ეს არის არასრული სია იმ ადამიანების, რომლებიც მაგნიტსკის ანალოგის, ანუ სააკაშვილის სიაში შევლენ.

დღეს სააკაშვილის ადვოკატმა დაადასტურა, რომ სიაში იუსტიციის მინისტრი მოხვდება. მისივე ცნობით, სიაში იქნებიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ასევე, ზოგიერთი ექიმი და ექთანი. ხაჭაპურიძემ აღნიშნა, რომ სიას მომდევნო დღეებში გაასაჯაროებს.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 8 იანვარს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასევე 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.

"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ", - დაწერა ბრაუდერმა Twitter-ზე.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.


close დახურვა