გვიან ღამით თბილისში, გუდვილთან სისხლიანი დაპირისპირება მოხდა - ფორმულას ინფორმაციით, თავს დაესხნენ ქვემო ქართლის ყოფილი ვიცე-გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის გარემოცვის წევრი გიორგი უბილავა.
წყარომ ფორულას ამ ინფორმაციასთან ერთად ფოტოც მიაწოდა, რომელშიც ჩანს, რომ გიორგი უბილავას სახეზე დაზიანებები აქვს.
წყაროს თანახმად, გიორგი უბილავას თავს დაესხნენ და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ზვიად ხარაიშვილის (ხარება) სპეცრაზმელებმა.
გიორგი უბილავა, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფორმულასთან ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა, ფოტოზე ასახულია, თუ რა დაზიანებები მიადგა მას გუშინდელი თავდასხმის შედეგად.
გიორგი უბილავას სახელი და გვარი კარგადაა ცნობილი არაერთი გახმაურებული ფაქტიდან, მათ შორის, ის მონაწილეობდა 2024 წლის აპრილში გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებზე თავდასხმაში. ის ფიზიკურად გაუსწორდა და მძიმე დაზიანებები მიაყენა აქციის მონაწილეებს გარემოცვის წევრებთან ერთად. ამასთან, ის 2016 წელს კორცხელში, ოპოზიციაზე განხორციელებულ თავდასხმაშიც მონაწილეობდა.
ფორმულას მიერ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო. ფორმულას ინფორმაციით, ამ ეტაპზე მომხდარზე არავინაა დაკავებული.
