logo
ENG



ფოტიგა: არავინაა იდეალური, თუმცა სააკაშვილის პრეზიდენტობამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა

13 ნოე 202118:26
3 წუთის საკითხავი
 

ევროპარლამენტარის ანა ფოტიგას განცხადებით, გულდასაწყვეტია რომ იუსტიციის სამინისტროსგან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების მოთხოვნაზე უარი მიიღო. 

როგორც ფოტიგამ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას სურდა, რომ თავისი თვალით ენახა სააკაშვილის მდგომარეობა და ევროპარლამენტარებისთვის ზუსტი, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიეწოდებინა. 

ფოტიგა ამბობს, რომ როდესაც საუბარია ისეთი მაღალი რანგის პატიმარზე როგორიც მიხეილ სააკაშვილია, რთულია მიიღო ზუსტი ინფორმაცია, რადგან ორივე მხარე შეიძლება იყოს მიკერძოებული. 

"ჩემი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი იყო მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა საპყრობილეში. შეშფოთებული ვართ შიმშილობის ამ ხანგრძლივობით და მძიმე შედეგით, რომელიც შეიძლება დადგეს. შევიტანე განცხადება იუსტიციის სამინისტროში სააკაშვილთან ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა მივიღე უარი. ჩემს თავს საქართველოს მეგობარს ვეძახი. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს ჩემი გამოცდილებიდან პოლონეთში... გულდასაწყვეტია რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი მითხრა ვიზიტზე. მაღალი რანგის პატიმრის შემთხვევაში არსებობს მრავალი განცხადება, ახლობლები ემოციურად საუბრობენ, მეორე მხარესაც, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრობაზე, გააჩნია ინტერესი, იმაში რომ ცალმხრივი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას...

ჩემი საქმე არ არის რომელიმე მხარის მხარდაჭერა, მაგრამ მაქვს სურვილი ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო ყველას. დარწმუნებული ვარ რომ არავინაა იდეალური, სააკაშვილის მმართველობა იყო მძიმე, თუმცა მისმა პრეზიდენტობამ და ბევრმა ცვლილებამ საქართველო მაღალ დონეზე დააყენა საერთაშორისო სცენაზე, როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით ისე საერთაშორისო მოთამაშეების თვალსაზრისით. ამ სიტუაციას ძალზედ სენსიტიურად მივიჩნევ. მინდოდა რომ სააკაშვილს დაესრულებინა შიმშილობა, მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე", - ამბობს ანა ფოტიგა [სინქრონული თარგმანი] 

ანა ფოტიგა საქართველოში გუშინ, 12 ნოემბერს ჩამოფრინდა. როგორც თავად თქვა, მიზანი მიხეილ სააკაშვილითან დაკავშირებით ვითარების გაცნობა და შეფასება იყო. 

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა. 

8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.


close დახურვა