logo
ENG



ქადაგიშვილი: აქტივისტები უპასუხისმგებლოდ მოუწოდებენ მოსახლეობას რეგულაციების დარღვევისკენ

05 აპრ 202112:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/05/fj708psa7fz90o6.jpg

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ვირუსის შესაძლო გავრცელებაზე პასუხისმგებლობას სამოქალაქო აქტივისტებს აკისრებს.

მისი განცხადებით, "პოლიტიკურად ანგაჟირებული" პირები მიზანმიმართულად მოუწოდებენ მოსახლეობას რეგულაციების დარღვევისკენ, თუმცა შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.

„დამოკიდებულება, ქცევა ჩვენი მთელი რიგი მოქალაქეებისა, მათ შორის, გარკვეული პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისა, არ არის სათანადო. იმის მაგივრად, რომ ყველანი, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ანტიპატია-სიმპატიებისა, ვიცავდეთ და მოვუწოდებდეთ მოსახლეობას, რომ დაცული იყოს რეგულაციები, ვხედავთ, რომ პოლიტიკურად ანგაჟირებული პირები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები მიზანმიმართულად მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ დაარღვიონ რეგულაციები. 

ეს მიუღებელია და არის უპასუხისმგებლობა. იმ მსხვერპლზე და ავადმყოფებზე, რაც ამ გავრცელებას შეიძლება მოჰყვეს, ისინი არ აიღებენ პასუხისმგებლობას და უტიფრად დაიწყებენ კრიტიკას ექიმებისას და ხელისუფლებისას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანის თვითშეგნების საქმეა, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რეგულაციებს", - აცხადებს დეპუტატი.

კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით თბილისში თავისუფლების მარში და ბათუმში დაუმორჩილებლობის წვეულება სამ აპრილს გაიმართა. ბათუმში გამართული დაუმორჩილებლობის წვეულება პოლიციამ დაშალა და რამდენიმე აქტივისტიც დააკავა. დაკავებულები პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალადობაზე საუბრობენ.

მოძრაობა სირცხვილიაში აცხადებენ, რომ უკანონო კომენდანტის საათს დღეს, ხუთი აპრილის ღამითაც გააპროტესტებენ და კვლავ დემონსტრაციულად დაარღვევენ დაწესებულ შეზღუდვას.


close დახურვა