logo
ENG



ქართული მხარე გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წერილებს მალავს

13 თებ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლება ისევ წერილებს მალავს, - ამჯერად ორი ავტორის დოკუმენტი იძებნება. ოპოზიციის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყებამ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან წერილი მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ მიმართვა, სავარაუდოდ, საკმაოდ მწვავე და კრიტიკულია, ხელისუფლებამ მისი გასაჯაროება არ მოისურვა. 

საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ წერილის შინაარსი „ქართული ოცნებისთვის“ პოზიტიური და კონსტრუქციულია, გამოქვეყნება კი დასავლელი პარტნიორების გადასაწყვეტია. თუმცა, დამალული წერილების ისტორია განსხვავებულ ტენდენციაზე მეტყველებს.  მთავრობამ კონგრესმენების წერილებიც დამალა. თუმცა, სკანდალის გამო  იძულებული გახდა ისინი გაესაჯაროვებინა. მიმართვებში  ქვეყანაში განვითარებული მოვლენები უმწვავესად იყო შეფასებული. ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების გამო კი „ოცნების“ მთავრობა გაკრიტიკებული. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე, ოპოზიცია ეჭვობს, რომ ფრანგი და გერმანელი დიპლომატების წერილებიც მწვავეა.

„ოცნება" წერილებთან ერთად  დიპლომატებთან შეხვედრებსაც მალავს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იმყოფებოდა. კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდა, დახურულ კარს მიღმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სპიკერი მედიასთან არ გამოჩენილა, ელჩი კი მოკლე დიპლომატიური განცხადებით შემოიფარგლა. თუმცა, ამერიკის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ ელჩი უგულავას პატიმრობით იმედგაცრუებულია, რადგან ამ ფაქტმა პოლიტიკური დიალოგი საფრთხის ქვეშ დააყენა.

 

 

 


close დახურვა