logo
ENG



ქართული მხარე დააკვირდება, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინა - უკრაინაში ელჩის დაბრუნების საკითხი

25 მაი 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩზე კომენტარი საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა.

მარი ნარჩემაშვილის თქმით, უწყება უკრაინის შემდეგ ნაბიჯებს დაელოდება და ამაზე იქნება დამოკიდებული ელჩის დაბრუნების თარიღი.

„ელჩის კონსულტაციებზე გამოძახება არ გულისხმობს ურთიერთობის გაწყვეტა და არ იგეგმება პარტნიორობის გადახედვა. მთელ რიგ თემებზე თანამშრომლობა გრძელდება. ქართული მხარე დააკვირდება პროცესებს, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინა და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით", - განაცხადა მარი ნარჩემაშვილმა.

ამ განცხადების გამო ოპოზიცია სამინისტროს აკრიტიკებს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ასეთი ფორმით საუბარი მიუღებელია და ეს მეგობარი ქვეყნების ურთიერთობას დააზიანებს.

„გამოწვევა ხომ მავნებლობა იყო და ახლა მუქარის ტონით თქმა, იმის მიხედვით, რას გააკეთებს უკრაინა, გადაწყვეტენ ელჩის დაბრუნების საკითხს. თუ სააკაშვილს ან ქართველებს არ შეცვლიან, ელჩს არ დავაბრუნებთ და უკრაინასთან ურთიერთობას გავაფუჭებთ? ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს რუსეთის წინააღმდეგ დავაყენებთ საფრთხის ქვეშ, რადგან ივანიშვილს ასე უნდა?", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი უკრაინიდან მას შემდეგ გამოიწვიეს კონსულტაციებზე, რაც მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.


close დახურვა