logo
ENG



ქართული ოცნებიდან ყაზბეგის მერობის კანდიდატმა შალვა ელოშვილმა პარტია დატოვა

20 აგვ 202119:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/20/0r0546y83xwbz8m.jpg

ქართული ოცნების ყაზბეგის მერობის კანდიდატმა პარტია დატოვა - შალვა ელოშვილის განცხადებით, ის თვითმმართველობის არჩევნებში მოქმედი მმართველი პარტიის სახელით აღარ იბრძოლებს.

შალვა ელოშვილი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ქართული ოცნებისა და მისი ხედვები ერთმანეთს დაშორდა. მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის ასეთივე ღირებული აღარაა არც მოხევეების მხარდაჭერა."

„დღესდღეობით მე აღარ წარმოვადგენ ქართული ოცნების კანდიდატს თვითმმართველობის არჩევნებზე.

პოლიტიკური გაერთიანების შიგნით აღმოჩდნენ ადამიანები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ, უპატიოსნო გზით, დეზინფორმაციის გავრცელებით, სიცრუით იბრძვიან ძალაუფლებისთვის და ებრძვიან გუნდის ძველ წევრებს.

ჩვენ არ ვიცით, ამის შესახებ ფლობს თუ არა ზუსტ ინფორმაციას პარტიის მმართველი რგოლი, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ მსგავსი დეზინფორმაციის წყალობით, ქართული ოცნების ხედვა თანდათან დაშორდა მოსახლეობის ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გაკეთებულიყო, რა უნდა გაკეთდეს და რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში მუნიციპალიტეტში", - წერს შალვა ელოშვილი.

ელოშვილის განცხადებით, ის თვითმმართველობის არჩევნებში თავის გუნდთან ერთად იბრძოლებს.

შალვა ელოშვილი ქართულმა ოცნებამ ყაზბეგის მერობის კანდიდატად რამდენიმე კვირის წინ წარადგინა. იქამდე ელოშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.


close დახურვა