logo
ENG



ქართული ოცნების დეპუტატის მანქანის გატაცების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

22 ოქტ 202022:29
3 წუთის საკითხავი
 
ev4m69arvrw5qvf.jpg

ქართული ოცნების წევრის ზურაბ ახმედოვის მანქანის გატაცების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ქარელში დააკავა.

უწყების ცნობით, ბრალდებული, თანამზრახველებთან ერთად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეთეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ საავტომობილო გზაზე, ყაჩაღურად დაესხა თავს ზურაბ ახმედოვს, რომელსაც ბასრი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ყაჩაღურად გასტაცა მისი კუთვნილი, "ტოიოტა ლენდკრუიზერის" მარკის ავტომობილი.

"სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ოსიაურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ, მათ შორის ყაჩაღობისთვის, ქურდობისა და ქურდული სამყაროს წევრობისთვის იყო ნასამართლევი.

ფორმულას ინფორმაციით, ქარელის საკრებულოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან ზურაბ ახმედოვი 20 ოქტომბერს სამმა შეიარაღებულმა პირმა, საკუთარი მანქანით გაიტაცა. დეპუტატმა თავს გაქცევით უშველა. ახმედოვმა კუთვნილი მანქანის დაბრუნება საქმეში ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების ჩარევის შემდეგ მოახერხა. მოლაპარაკებების შემდეგ გამტაცებლებმა მანქანა სოფელ ხცისთან დატოვეს. დეპუტატი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 


close დახურვა