ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, ჟურნალისტებს აკრედიტაცია აღუდგინოს. პარლამენტის აპარატმა ტაბულას რედაქტორს ცისია კირვალიძესა და პუბლიკას სამ ჟურნალისტს, ქეთი გოგუაძეს, ნათია ამირანაშვილსა და ნათია ლევერაშვილს აკრედიტაცია შეუჩერა.
ქარტიას მიაჩნია, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
"2023 წლის 5 მარტს, პუბლიკასა და ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ონლაინ გამოცემების ჟურნალისტების ნაწილს შეუჩერდა პარლამენტში აკრედიტაცია. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის ეს გადაწყვეტილება ხუთშაბათს, 2 მარტს გამართული რუსული კანონის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომლებსაც აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი კი ამ საკითხს აშუქებდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ 6 მარტის კვირაში აპირებს პარლამენტი, განიხილოს რუსული კანონები „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ აკრედიტაციის შეჩერების მიზანია, ჟურნალისტებს შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება და ხელი შეეშალოთ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.
ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პატივი სცეს დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და აღუდგინოს ჟურნალისტებს აკრედიტაცია.
ამასთან, ქარტია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პარლამენტში 1 მარტიდან ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის ახალი წესი, რომლის გაუქმებისკენაც ქარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს უკვე მოუწოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ჟურნალისტები ამბობენ, მათ საკანონმდებლო ორგანოდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ აკრედიტაცია ერთი თვის ვადით უჩერდებათ.
2 მარტს პარლამენტში რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობდა, რა დროსაც ჟურნალისტების ნაწილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ნაწილი კი, გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ ის ჟურნალისტები, ვისაც აკრედიტაცია "აქციაში მონაწილეობის" მოტივით შეუჩერეს, პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და პროტესტში მონაწილეობას არ იღებდნენ.
1-ელი მარტიდან პარლამენტში მედიას ქცევის წესები დაუდგინეს, რომლის თანახმადაც "დეპუტატის უარის შემთხვევაში, ჟურნალისტმა ინტერვიუ უნდა შეწყვიტოს". გარდა ამისა, განისაზღვრა ჟურნალისტის აკრედიტაციის წესიც. არსებობს 2 სახის აკრედიტაცია - საპარლამენტო ჟურნალისტებისთვის და ასევე იმ პირებისთვის, რომლებსაც პარლამენტში საქმიანობა დროებით დასჭირდებათ. ამავე ბრძანების მიხედვით, წესების დარღვევის განმეორების შემთხვევაში აკრედიტებულ ჟურნალისტს აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერდება.