სოლიდარობა უსამართლობასთან მებრძოლებს, ქვეყანას არ ეზეიმება - ამ ლოზუნგით დღეს, პარლამენტის წინ აქცია გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები ფეისბუქზე წერენ, მაშინ, როცა უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და აპატიმრებენ, როცა მათ ოჯახებს ამწარებენ, მათ არ ეზეიმებათ.
„30-31 დეკემბრის ღამეს, ივანიშვილისა და კალაძის ბრძანებით რუსთაველიდან უკანონოდ აიღეს უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანების კარვები. მალხაზ მაჩალიკაშვილი და თორნიკე მამალაძე არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ახსენებენ საზოგადოებას, თუ რა არადემოკრატიულ და უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ, სწორედ ამიტომ ოლიგარქმა გადაწყვიტა, ზეიმში ხელი არ შეშლოდა და ასე ჩაეფურთხებინა სულში თითოეული ადამიანისთვის, ვინც სამართალს ეძებს! ჩვენ არ გვეზეიმება, მაშინ როცა გვერდით უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ და აპატიმრებენ, როცა მათ ოჯახებს ამწარებენ!
ჩვენ უნდა ვანახოთ სამოქალაქო სოლიდარობის მაგალითი ივანიშვილის მონების ხროვას და სუფრების ნაცვლად მივიდეთ რუსთაველზე, ადამიანებთან, რომლებსაც სისტემა ებრძვის! არაა ზეიმის დრო, მანამ სანამ ეს ადამიანები სამართალს არ იპოვიან! შემოგვიერთდით ხვალ 22:00 საათიდან, ერთად შევხვდეთ 00:00 საათს ჩვენი დროის გმირებთან ერთად!“, - წერია სოციალურ ქსელში ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დასუფთავების სამსახურის მანქანებმა პარლამენტის წინ მდგარი მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მოძრაობა „ქვეყნის სამსახურშის“ კარვები აიღეს.
გარდა ამისა, დააკავეს ათამდე სამოქალაქო აქტივისტი.
მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, რუსთაველზე კარავს გაშლის.