logo
ENG



ქობულეთის სოფელ გვარში შესაძლოა კარანტინი გამოაცხადონ

08 აპრ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

ქობულეთის სოფელ გვარში შესაძლოა კარანტინი გამოაცხადონ – ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ - სწორედ მათი მუშაობის დასრულების შემდეგ გადაწყდება გამოცხადდება თუ არა ტერიტორიაზე კარანტინი.

სამედიცინო ცენტრი ამ ეტაპზე დაკეტილია - ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრი სწავლობს, ჰქონდა თუ არა რაიმე გადაცდომას ადგილი მედიკოსების მხრიდან. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, შესწავლილი იქნება ყველა ის პირი, ვისაც შეიძლება ინფიცირებულებთან ჰქონოდა რაიმე გადაკვეთა.

„როგორც გითხარით, ხუთი დადასტურებული პირი იყო კონტაქტში პირველ დადასტურებულ პირთან. ისინი თვის ბოლოს არიან ნამყოფი სამედიცინო ცენტრში - საჭიროდ ჩაითვალა, ყველა იმ ადამიანის გამოვლენა, ვისაც შეიძლება ჰქონოდა კვეთა ამ ინფიცირებულებთან. შესაძლებლობის ფარგლებში მოხდება შემთხვევების აღრიცხვა და ეს ჩვეული სამუშაო პროცესია", - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

მედიკოსების სოფელში ჩასვლის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც 54 წლის ქალი, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა, ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად მივიდა. მას კონტაქტი ჰქონდა 37 ადამიანთან.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსი 208 პირს დაუდასტურდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 პირი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშაა 375 ადამიანი.  48 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა