logo
ENG



ქუთაისში ქალის მკვლელობაში ბრალდებული, წარსულშიც იყო ნასამართლევი 

20 ივლ 202020:01
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში 29 წლის ქალის განსაკუთრებული სისასტიკით მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კიდევ ორი პირი დააკავეს. დაკავებულები მოკლულის მეზობლები არიან, რომლებმაც გაიგონეს, როგორ ითხოვდა მსხვერპლი შველას, თუმცა პოლიციას ამის შესახებ 2 საათის დაგვიანებით შეატყობინეს.

ხმაური ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე ორი დღის წინ საღამოს საათებში გაიგეს. მოკლული ახალგაზრდა ქალი მაშველებმა მრავალჯერადი ჭრილობებით ბინაში შესვლის შემდეგ აღმოაჩინეს.  

მოკლული ელისო ჩეჩელაშვილის დედა ამბობს, რომ სასწრაფო დახმარებისათვის დროულად შეტყობინების შემთხვევაში, მისი შვილის გადარჩენა მოხერხდებოდა. თუმცა რატომ დააყოვნეს თვითმხილველებმა ადგილზე პოლიციის გამოძახება და რატომ დააფარეს ხელი დამნაშავეს, უცნობია.

გამოძიებამ მკვლელობისთვის 45 წლამდე ქალი დააკავა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ელისო ჩეჩელაშვილთან მეგობრობდა. მოკლულის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა, რადგან მხოლოდ ის ვერ მოახერხებდა იმ ჭრილობების მიყენებას, რაც გარდაცვლილს აღენიშნება.

ადვოკატის ცნობით, დაკავებული ქალი წარსულში არის ნასამართლევი. მოტივად ეჭვიანობა ან შურისძიება სახელდება. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა ელისო ჩეჩელაშვილი დედის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მუხლი უნდა გადაკვალიფიცირდეს და დანაშაულში ეჭვმიტანილს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ბრალდება უნდა წაუყენოს. ამისათვის ბრალდებულს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


close დახურვა