logo
ENG



ქუთაისში 27 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა, ოჯახი სისტემის გაუმართაობაზე საუბრობს

03 ნოე 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული 27 წლის ქალი გარდაიცვალა. მაგდა ძოწენიძის ოჯახის წევრებისა და ახლობლების თქმით, ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობის გამო, პაციენტი კლინიკაში დროულად ვერ დააწვინეს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

როგორც ოჯახის ახლობელი ლარა ბეგლარიშვილი აცხადებს, საწოლების არქონის გამო, დამძიმებული პაციენტის მიღებაზე კლინიკები უარს ამბობდნენ. საბოლოოდ მაგდა ძოწენიძე "უნიქალ მედში" მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"დაგვიანდა გადაყვანა იმიტომ, რომ სანამ ოჯახმა 112-ში დარეკა, 112-მა ოჯახის ექიმთან გადაამისამართა, იმან 144-ში, 144 არ პასუხობდა. ექიმმა გვითხრა, 10-კაციან პალატაში 17 კაცი გყვავს და ერთი სკამზე თოკით გყვავს დაბმული, რომ არ ჩამოგვივარდესო. ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა", - აცხადებს ბეგლარიშვილი. 

ახლობლები ამბობდნენ, რომ ვირუსი ახალგაზრდა ქალს დედისგან გადაედო და სახლში მკურნალობდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ჯანდაცვის სამინისტრო 27 წლის კოვიდდადასტურებული პაციენტის გარდაცვალებას ადასტურებს. მათი თქმით, სასწრაფომ ის სამედიცინო დაწესებულებაში 31 ოქტომბრის გამოძახების შემდეგ გადაიყვანა. სწორედ ამის შემდეგ ჩაუტარეს პაციენტს კოვიდ-ტესტიც. მეორე დღეს ის გარდაიცვალა.

"პირველ შემთხვევაში, 26 ოქტომბერს, დაბალი წნევის მოტივით დაფიქსირებული გამოძახება გაუქმებული იქნა ზარის ინიციატორის მიერ, რომლის განცხადებითაც, პაციენტი თავს გრძნობდა კარგად და მას აღარ ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.  მეორე გამოძახება სუნთქვის გაძნელების მოტივით 31 ოქტომბერს, 01:27 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი მისამართზე მყისიერად გავიდა და პაციენტი ცხელებით გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას ჩაუტარდა ტესტი კოვიდ-19-ზე და დადგინდა კოვიდინფექცია. სამწუხაროდ, პაციენტი 1-ელ ნოემბერს გარდაიცვალა", - აცხადებენ სამინისტროში.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253. 2 264 პაციენტი კოვიდსასტუმროებში მკურნალობს.

 


close დახურვა