"მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 ივნისს პარლამენტში დავით კეზერაშვილის შესახებ.
ამ საჯარო მუქარიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ უზენაესი სასამართლო დავით კეზერაშვილის იმ საქმის განხილვას იწყებს, რომელიც ამ დრომდე თაროზე იდო, რომელიც 2-მა ინსტანციამ უკვე განიხილა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაამართლა კიდეც.
ლაპარაკია ე.წ წვრთნების საქმეზე - პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო.
ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა.
დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულებები ვიდეო მასალები და იმ მოწმეთა ჩვენებები იყო, რომლებიც საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტების მონაწილეობით წვრთნების გამართვას ადასტურებს.
ის, რისი დამტკიცებაც ადრე პროკურატურამ ვერ შეძლო, თითქმის 3 წლის შემდეგ თავად ყოფილმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა განიხილოს, არასამთავრობო სექტორის მიერ "კლანის წევრებად" დასახელებულ ორ მოსამართლესთან - ლევან თევზაძესთან და მერაბ გაბინაშვილთან ერთად.
მოსამართლეთა ამ შემადგენლობის გამო ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია ფორმულას მფლობელის ინტერესების დამცველებს მოლოდინებზე ლაპარაკი უჭირთ, რადგან ფიქრობენ, რომ საქმე სასამართლოს წლების შემდეგ, წინასაარჩევნოდ, შემთხვევით არ გახსენებია - გამოძიება კრიტიკულ მედიაზე დევნას აგრძელებს.
არც საქმის თაროდან წინასაარჩევნოდ გადმოღება, არც შალვა თადუმაძისთვის ჩაბარება და არც მოქმედი პრემიერის ბოლო დროინდელი საჯარო მუქარები ოპოზიციონერი ლიდერებისთვის შემთხვევითი არ არის. განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც საკუთარი სამართლებრივი დავების პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით განხილვას უკვე მიჩვეულები არიან.
"ცხადია, ამ შემთხვევაში, კონტექსტის გათვალისწინებით, როცა პირდაპირ მინიშნებაა ქართული ოცნების ლიდერის მხრიდან მედიაზე, ცხადია, შესაბამისი უწყებები ამ მინიშნებას პირდაპირ ბრძანებად მიღებენ შესაბამისი უწყებები და ეცდებიან, როგორმე მოახდინონ ზეგავლენა თავისუფალ მედიაზე". - ამბობს ბადრი ჯაფარიძე, ლელოს ერთ-ერთი ლიდერი.
"ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღევანდელი რეჟიმისთვის პოლიტიკურად მიუღებელია, წინ ელოდება სასამართლო საქმეები, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ლეგიტიმურია, გასულია ერთი წელი, 5 წელი თუ რამდენიმე თვე. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები და ამისი მიზანია ძალაუფლების გამყარება და თავისუფალი მედიის დაშინება". - ამბობს დროას ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია.
მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები ამბობენ, რომ მედიაორგანიზაციის მფლობელის ამ სამართლებრივი დავის გაცოცხლებით ქართული ოცნების ხელისუფლება პოლიტიკურად აქტიურ სხვა ოპონენტებს და ბიზნესმენებსაც აფრთხილებს.
"ის, რომ შეიძლება მრავალწლიანი პაუზის შემდეგ შეუძლიათ, როცა უნდათ, გაიხსენონ, საქმე; ის, რომ იმ დროს, როცა ამას აკეთებენ, აქვთ ღია პოლიტიკური ამოცანა, რომ გააკეთონ გზავნილი ყველას მიმართ - რომ შეუძლიათ, შევავიწროვოთ ყველა, ვინც მათ კონტროლს მიღმაა და მათ პრობლემას უქმნის - ფორმულას და მისი მეპატრონის შემთხვევა ზუსტად ჯდება ამ ამბავში". - ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია.
არასამთავრობო სექტორში არ უჭირთ გაიხსენონ როგორ იცვლება სასამართლოს დღის წესრიგი პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, როცა საქმე ხელისუფლებისთვის საინტერესო სამართლებრივ დავებს ეხება, მათ შორის მედია მფლობელების და მენეჯერების წინააღმდეგ.
"მგონი , სამართლებრივ შეფასებებში შესვლას უკვე აზრი აღარ აქვს, იმიტომ, რომ, ცხადია, ამ საქმეს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა სტრასბურგში და ის ბევრ რამეს იტყვის როგორც ამ საქმესთან დაკავშირებით, ისე სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და მდგომარეობაზე. რაც შეეხება პირადად თადუმაძეს - მას შემდეგ, რაც სტრასბურგში გაიგებენ, რომ მას არ აქვს იურისტის დიპლომი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადება". - ამბობს საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს ხელმძღვანელი, ეკა გიგაური.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ, წლების განმავლობაში მიმდინარე დავებიდან, ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ჯერ არც ერთზე გამოუტანია. საფრანგეთის და ლონდონის სასამართლოებს კი ქართული მხარისთვის მის ექსტრადირებაზე უარი სწორედ სავარაუდო პოლიტიკური დევნის გამო აქვს ნათქვამი.
ე.წ წვრთნების საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში 7 სექტემბერს გაიმართება.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ინტერესების დამცველები არ გამორიცხავენ, გადაწყვეტილების გამოსატანად სასამართლო პირველივე სხდომაზე გავიდეს.