logo
ENG



ღარიბაშვილი: გილოცავთ ჟურნალისტიკის დღეს, ოცნების რეფორმებით, მედიის თავისუფლება გაიზარდა

21 მარ 202310:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/21/h5p4emyzfntklr7.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

ღარიბაშვილი წერს, რომ ქართული ოცნების რეფორმებით, "არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი".

"ქართული ჟურნალისტიკის დღეს გილოცავთ თითოეულ ჟურნალისტს, მედიასაშუალებების ყველა თანამშრომელს.

საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობასა და პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული თქვენი საქმიანობა საკვანძოა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული მომავლის მშენებლობისათვის. თქვენ არა მხოლოდ საზოგადოების ინფორმირების თავისთავად უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურებით, არამედ განსაკუთრებული წვლილი შეგაქვთ პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში, დემოკრატიულ ღირებულებათა დამკვიდრებაში.

ჩვენი მთავრობა და პოლიტიკური გუნდი კარგად აცნობიერებს თქვენი პროფესიის უდიდეს სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ამის დასტურია ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმები, რომელთა შედეგადაც არსებითად გაუმჯობესდა მედიის პლურალიზმი და გაიზარდა თავისუფლების ხარისხი.

მადლობას გიხდით თქვენი შრომისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში", - წერს ღარიბაშვილი.

2021 წლის 5 ივლისს თბილისი პრაიდის ღირსების მარშამდე რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა იძალადეს ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, რის შედეგადაც დაშავდა მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ლექსო ლაშქარავა, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. ძალადობრივი აქციის დროს პოლიცია არ უზრუნველყოფდა მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოებას, არ იყო მობილიზებული საკმარისი პოლიცია.


close დახურვა