logo
ENG



ღარიბაშვილი: ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, ვაპირებ შევხვდე პარტაქტივს, მოსახლეობას

15 თებ 202414:00
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მარტიდან 10 რეგიონში ჩასვლას და პარტიის წარმომადგენლებთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს.

ღარიბაშვილის თქმით, ეს წინასაარჩევნო კამპანიის მზადებაა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ოცნების "გაცხადებული მიზანია", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.

"მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში ვგეგმავ 10 რეგიონში ჩასვლას, მექნება 10 გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ შევხვდე ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს. მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად, წინასაარჩევნო კამპანიის მომზადება, მზადება არჩევნებისთვის. ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ ამ არჩევნებზე. ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი რესურსების, აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი გამარჯვება და ძლიერი შედეგი. გავიმეორებ ჩვენს მიზანს - ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


close დახურვა