საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არჩევნებში თავისი ხმა უკვე დააფიქსირა. ხმის მიცემის შემდეგ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მან ხმა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას მისცა:
"დღეს რა თქმა უნდა მივეცი ხმა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, ვინაიდან ვიცით რა ჩვენ ომების მძიმე ფასი. ჩვენ ასევე ძალიან კარგად გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი მოსახლეობისთვის და ზოგადად ჩვენი განვითარებისთვის.
ჩვენი სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იქნას უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება. დღეს ჩვენი ქვეყანა არის სულ სხვა ეტაპზე გადასული. რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო არის იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე იყო, თუნდაც 4 წლის წინ, თუნდაც 8 წლის წინ და რა თქმა უნდა, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი ქვეყნის წინსვლა განვაპირობოთ",-თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა რომ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიამ, მიუხედავად "ოპოზიციის პროვოკაციის" მცდელობისა მშვიდობიანად ჩაიარა.
"მინდა ავღნიშნო ის, რომ ზოგადად მშვიდობიანი კამპანია იყო წარმართული, მიუხედავად ჩვენი ოპონენტების არაერთგზის მცდელობისა, რომ მომხდარიყო საარჩევნო ფონის გაუარესება და არასწორი განცდების დამკვიდრება საზოგადოებაში. ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნა მიღწეული და ვერაფერი იქნება მიღწეული, რაც არის მათი მხრიდან ჩაფიქრებული, ის პროვოკაცია და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რომელიც მათი მხრიდან გვესმოდა მთელი ეს პერიოდი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.