logo
ENG



ღარიბაშვილი: ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ

04 აგვ 202111:37
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ციხეებში სამაგალითო ვითარება გვაქვს, მსოფლიოს მასშტაბით მოწინავე რიგებში ვართ

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ციხეებში სანიმუშო, სამაგალითო ვითარებაა. 

მისი მტკიცებთ, ქვეყანა "მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებშია".

"ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ", - თქვა ღარიბაშვილმა.

სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეებში, წინა წლების მსგავსად, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არსებული არაფორმალური მმართველობა (ე.წ. მაყურებლები), რომელიც, თავის მხრივ, დაწესებულებებში ძალადობრივ გარემოს ქმნის და პატიმართა დიდ რაოდენობაზე ახდენს გავლენას.

გარდა ამისა, 2019 წელს ომბუდსმენმა N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტისა და მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ციხეებში ძალადობაზე, გადატვირთულობაზე და სუბკულტურაზე.

მაგალითად, N2 დაწესებულებაში აღინიშნა თანამშრომლის მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის სავარაუდო ფაქტები. კერძოდ, დაწესებულების თანამშრომლები ერთ-ერთი პატიმრის დასამორჩილებლად მიზანმიმართულად ძალადობდნენ ფიზიკურად, რაც მის ფიზიკურ ტკივილსა და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევდა.

ანგარიშის მიხედვით, N8 დაწესებულებაში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისას ხშირად მოსდით კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომლებთან. კერძოდ, რამდენიმე პატიმარმა აღნიშნა, რომ დაწესებულების თანამშრომლები უხეშად ესაუბრებიან, იწვევენ, ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით, ასევე, საყვედურობენ, თუ რატომ აწუხებენ სამედიცინო პერსონალს სამედიცინო ჩივილით. ზემოთ აღწერილ კონფლიქტურ სიტუაციას მონიტორინგის ჯგუფიც შეესწრო.

ანგარიშის თანახმად, N14, N15, N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებაში არ ხდება სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენა და დოკუმენტირება. როგორც მონიტორინგის ვიზიტების შედეგად დადგინდა, მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მორიგე ექიმები სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირების ყველა შემთხვევაში შეტყობინებას აგზავნიან იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, საგამოძიებო უწყება არ ინტერესდება დაზიანების აღრიცხვის ფორმის მიხედვით შევსებული მასალით და არ ახდენს მის ამოღებას.


close დახურვა