პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "წინა ხელისუფლების დროს ადამიანის უფლებები, ყველა მიმართულებით, ფეხქვეშ იყო გათელილი", ქართული ოცნების ხელისუფლებამ კი ეს "რადიკალურად შეცვალა".
ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას დღეს დაამტკიცებს.
"დღეს მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიას 2022-2030. მოგეხსენებათ, 2014 წელს პირველად იყო დამტკიცებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც იყო ძალიან სრულყოფილი დოკუმენტი. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ჩვენ კარგად გვახსოვს, რაოდენ დიდი გამოწვევები არსებობდა ამ სფეროში, ადამიანის უფლებებში, რეალურად კარგად გვახსოვს, რომ არავითარი ნიშანწყალი არ არსებობდა დემოკრატიის წინა ხელისუფლების დროს და ფეხქვეშ იყო გათელილი ადამიანის უფლებები, ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ მას შემდეგ რადიკალურად შევცვალეთ სიტუაცია, ვითარება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ჩვენ მოვამზადეთ ახალი დოკუმენტი, გავლილი არის ყველა აქტორებთან, საზოგადოებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დღეს უკვე სრულყოფილი სახით გამოგვაქვს აღნიშნული სტრატეგია", - ამბობს ღარიბაშვილი.