ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოში 2 ფინანსური ცენტრი აშენდება, ერთი გონიოში იქნება, მეორე კი თბილისში, თბილისის ზღვასთან და ის 110 ჰექტარ მიწაზე განთავსდება.
გონიოს საფინანსო ცენტრზე პრემიერმინისტრი უკვე რამდენიმე თვეა, ლაპარაკობს, თბილისის ცენტრის შესახებ კი დღეს, 17 იანვრის მთავრობის სხდომაზე პირველად თქვა.
"გვაქვს 2 ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა:
ერთი შეიქმნას თბილისში, თბილისის ზღვასთან, 110 ჰექტარზე განთავსდება სავარაუდოდ ჩვენი სურვილისამებრ. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული საქმიანი ცენტრი გახდეს ეს ადგილი.
ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება გონიოში. აქ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის შექმნას ვგეგმავთ. ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა.
სპეციალური ფინანსური ზომები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ, ლიბერალურ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ლიბერალურ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. ამ ცენტრების პერსონალის დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რაც მათ განსაკუთრებული პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას მიცემს". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ფინანსური ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის, მთავრობის მრჩეველი როტშილდი.
ღარიბაშვილის განცხადებით, ამ კომპანიის დელეგაციას საქართველოს მთავრობა 1 კვირაში მიიღებს.