logo
ENG



ღარიბაშვილმა ზელენსკის უარი უთხრა, სააკაშვილის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ

12 ნოე 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა თხოვნაზე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკრაინელმა ექიმებმა შეამოწმონ.

ზელენსკიმ საქართველოს პრემიერმინისტრს ტელეფონით გუშინ, 11 ნოემბერს ელაპარაკა.  

მან უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დასვა და ხაზი გაუსვა, რომ ისინი სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

"პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობას. უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა". - ნათქვამია ზელენსკის ოფისის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით კი, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს საშუალება აქვს, მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა, ისე პარლამენტის დეპუტატებმა".  

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც  ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებს და ექიმებს. შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა "კანონით განსაზღვრული ქმედებები".

"სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. [...]

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა და უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ". - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, დაპატიმრებულია და შიმშილობს. 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და 10 ნოემბერს გამოსცა დროებითი ზომა, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, ექს-პრეზიდენტს მოუწოდა, შეწყვიტოს შიმშილობა, ხელისუფლებას კი მოუწოდა, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ დაემორჩილება ECHR-ის გადაწყვეტილებას და შეწყვეტს შიმშილობას, თუ ასევე მოიქცევა ხელისუფლებაც და მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსოლიუმი იზრუნებს. 


close დახურვა